გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს. ბრალდებულის ახლობლების ცნობით, უწყებამ მათ ის ვიდეოჩანაწერი უნდა გააცნოს, სადაც სავარაუდოდ, დილით მომხდარი ინციდენტია ასახული. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან ნომერ მეცხრე სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას, ერთ-ერთი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულის ახლობლები მომხდარის სრულყოფილ და დროულ გამოძიებას ითხოვენ.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სადაც წერია, რომ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ტექსტში ვკითხულობთ, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ამოიღეს შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები. ასევე მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა და გამოძიებამ მოიპოვა ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერებიც. სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს ბრალდებულის ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.