სტიქიის კიდევ ერთი ზონა – მეწყერი ჩამოწვა დაბა სტეფანწმინდაშიც.
უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილია ე.წ. თარგმანის უბანი. სტიქიურმა პროცესმა დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია. დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და განადგურებულია მოსავალი. ღვარცოფული მასის გავლის ადგილი უკვე შეისწავლეს გეოლოგებმა, რომლებმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადონ და პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცენ. დაბაში ახლა არ წვიმს, თუმცა პროგნოზი არასახარბიელოა. დღეს და ხვალ მაღალმთიან რაიონებში ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარებას არ გამორიცხავს.