არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს. როგორც სომხური მედია წერს, იერიშის შედეგად დაინგრა შენობები და მაღაზიები, დაზიანდა გაზსადენი, დაიწვა ავტომობილი. ამასთან, სომხური მხარე ფრონტის ხაზის სამხრეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანის სპეცრაზმის დანაყოფისა და რამდენიმე ერთეული ტექნიკის განადგურების შესახებ იტყობინება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, ჰიკმეტ ჰაჯიევი სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის მოსახლეობაზე დარტყმებს რეგულარულად ახორციელებენ. მისი განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაშვებული „სმერჩის“ რაკეტა გორანბოის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა.