ისევ მძიმე სურათია ქაბულში, საიდანაც მოსახლეობა გარბის.
თალიბანის კონტროლქვეშ გადასული დედაქალაქის აეროპორტში უამრავი ადამიანია შეკრებილი და ქვეყნის დატოვებას ცდილობს. აეროპორტს ამერიკელი სამხედროები აკონტროლებენ, იქამდე მისასვლელ გზას კი რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავის მხრივ პროგრესულობის დემონსტრირებას ცდილობს და ქალებს სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობას ჰპირდება. თუმცა 20-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის მმართველობაში დაბრუნებული რადიკალური ისლამისტური მოძრაობის არც ადგილობრივებს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ სჯერათ. მით უმეტეს, რომ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ უკვე საჯაროდ თქვა, რომ ავღანეთი დემოკრატიული სახელმწიფო არასდროს იქნება და იქ მხოლოდ შარიათის კანონები იმოქმედებს. ქვეყნიდან 8 000-მდე ადამიანი უკვე გაყვანილია. გაეროსთვის მომზადებული კონფიდენციალური ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს და ნატოს მოკავშირე ავღანელები საფრთხის ქვეშ არიან.