ვატიკანის დელეგაცია თბილისში

წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა ქვეყანას და ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნო. კარდინალ პიეტრო პაროლინი გუგუტიანთკარსა და წეროვანში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, კარდინალ პიეტრო პაროლინის ვიზიტი კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველოს მიმართ რომის პაპის მხარდაჭერისა. შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთანაც. ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და განათლების საკითხებს.

აუდინეცია შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვატიკანის წარმომადგენლობამ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანმა, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკურ ტაძარში წირვაც ჩაატარა.

წირვის შემდეგ ის საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ დიდუბის ცენტრს ეწვევა, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქთან. კარდინალი პაროლინი საქართველოს პირველად სტუმრობს.