ვაშლიჯვრის მოსახლეობამ თბილისის მერიაში პეტიცია შეიტანა. ისინი ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას, ასევე დამოუკიდებელი გეოლოგებისა და ექსპერტების ჯგუფის შექმნას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, აუცილებელია აღნიშნულ პრობლემაზე საჯარო განხილვები დაიწყოს, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ იმ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვაშლიჯვრის ფერდობზე განვითარდა. მოსახლეობამ პეტიციაზე 5 000-მდე ხელმოწერა შეაგროვა.
პეტიციასთან დაკავშირებით, მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშლიჯვრის მეწყერთან დაკავშირებით, დიდი ხანია შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები.
რაც შეეხება მონიტორინგს, ის მეწყრული პროცესის დაწყების დღიდან მიმდინარეობს, მომავალი კვირის ბოლოს კი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.