ამ წუთებში, ვაშინგტონში ჯონ მაკკეინის პანაშვიდი მიმდინარეობს. შეერთებული შტატების დედაქალაქის საკათედრო ტაძარში ასობით სტუმართან ერთად ყოფილი პრეზიდენტებიც იმყოფებიან. ამერიკელი სენატორისა და ვიეტნამის ომის გმირის უკანასკნელი წერილის თანახმად, ცერემონიაზე სიტყვას ბარაქ ობამა და ჯორჯ ბუშ უმცროსი წარმოთქვამენ. ასევე, ჯონ მაკკეინის ანდერძის მიხედვით, ცერემონიას არ ესწრება შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 31 აგვისტოს მემორიალური ღონისძიება გაიმართა კაპიტოლიუმში. დღეს კი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გადასვენებამდე პროცესია რამდენიმე წუთით ვიეტნამის ომის მემორიალთან შეჩერდა.
სენატორის დაკრძალვის ცერემონია ხვალ გაიმართება. ჯონ მაკკეინს ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ვიეტნამის ომის გმირის სამუდამო განსასვენებელი მისი თანაკურსელის და ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, ადმირალ, ჩაკ ლარსონის გვერდით იქნება.