ამერიკა სენატორ მაკკეინს ემშვიდობება

სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივს დღეს ვაშინგტონში, საკათედრო ტაძარში მიაგეს. ასობით სტუმართან ერთად, ტაძარში ყოფილი პრეზიდენტებიც იმყოფებოდნენ. ამერიკელი სენატორისა და ვიეტნამის ომის გმირის უკანასკნელი წერილის თანახმად, ცერემონიაზე სიტყვით ბარაქ ობამა და ჯორჯ ბუშ უმცროსი გამოვიდნენ. გამოსამშვიდობებელი, ემოციური სიტყვა წარმოთქვა სენატორის ქალიშვილმაც. მაკკეინის ანდერძის მიხედვით, ცერემონიას არ ესწრებოდა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თუმცა ტაძარში მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი იმყოფებოდნენ. სენატორის დაკრძალვის ცერემონიალი ხვალ გაიმართება. ჯონ მაკკეინს ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.