მაკკეინის პანაშვიდი

სენატორ ჯონ მაკკეინის ცხედარი არიზონადან ვაშინგტონში გადაასვენეს.

მერილენდში, ენდრიუსის სამხედრო ბაზის აეროპორტში ცხედარს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა მიაგო პატივი. მაკკეინს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში დაასვენებენ, ხვალ კი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გაიმართება. დაკრძალვის ცერემონია კვირას ანაპოლისის საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე შედგება.

ვაშინგტონში გადასვენებამდე, ფენიქსის ბაპტისტურ ტაძარში გარდაცვლილ სენატორს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მისმა ახლობლებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. ჯონ მაკკეინს „ძმა“ უწოდა მისმა მეგობარმა და აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც ემოციური გამოსვლის დროს ცრემლი ვერ შეიკავა. ბაიდენის თქმით, მაკკეინმა გამოსამშვიდობებელ წერილში ამერიკელებს საკმაოდ მკაფიო ინსტრუქციები დაუტოვა.