ვარსკვლავთშორისი სივრცე არის რეგიონი ვარსკვლავებს შორის, რომელიც შეიცავს აირების ვრცელ, გაფანტულ ღრუბლებსა და მცირე ოდენობით მყარ ნაწილაკებს. ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის მთლიანი მასის დაახლოებით 5 პროცენტი ვარსკვლავთშორის სივრცეზე მოდის.
ვარსკვლავთშორის სივრცეში ძირითადად წყალბადია. შედარებით მნიშვნელოვანი ოდენობით გვხვდება ჰელიუმიც, ძალიან მცირე ოდენობით კი კალციუმი, ნატრიუმი, წყალი, ამიაკი და ფორმალდეჰიდი. მნიშვნელოვანი ოდენობით არის წარმოდგენილი გაურკვეველი შემადგენლობის მტვრის ნაწილაკებიც. გარდა ამისა, ვარსკვლავთშორის სივრცეში ვრცელდება კოსმოსური სხივებიც.
უმეტეს შემთხვევაში, ვარსკვლავთშორისი მატერია ღრუბლების მსგავსი კონცენტრაციით გვხვდება, რომელიც ხშირად იმდენად კონდენსირდება, რომ იბადება ახალი ვარსკვლავები. სიკვდილის პროცესში ვარსკვლავების მიერ გამოტყორცნილი მატერია კვლავ ვარსკვლავთშორის სივრცეში მიმოიფანტება, სადაც იქ უკვე არსებულ სხვა მატერიას ერევა და დროთა განმავლობაში, მისგან კვლავ ახალი ვარსკვლავები იბადება.
ირმის ნახტომში ვარსკვლავთშორისი მატერიის დიდი ნაწილი თავს იყრის მის სპირალურ მკლავებში, სადაც ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავი და ნისლეულიც გვხვდება. ეს მატერია მჭიდროდ არის კონცენტრირებული სიბრტყეზე, რომელსაც გალაქტიკურ დისკოს უწოდებენ.