ახალი ფიგურანტები მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეში, – პროკურატურამ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა. ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, ელექტროდენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა. ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში, კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი. ამასთან, ირკვევა, რომ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში „გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული უსაფრთხოების წესები. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლო ამჯერად 9 ბრალდებულის საქმეზე მსჯელობს, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.