ვაჟა გაფრინდაშვილის 49-დღიანი ტყვეობა დასრულებულია

49-დღიანი ტყვეობა დასრულებულია. ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება. ქართველი ექიმი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მას მხარს უჭერდა და მისი გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

ვაჟა გაფრინდაშვილი არ აკონკრეტებს, რა პირობებში იმყოფებოდა ცხინვალის იზოლატორში და რა ვითარებაში მოხდა მისი გათავისუფლება, თუმცა, აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა. ყველა დეტალის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახის წევრები მოგვიანებით პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. ქართველი ექიმის შვილი ირინა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ დღეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო.