ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება ეჭვქვეშ დგება.
გეგმის მიხედვით, კიევმა დაპირებული შეიარაღება გაზაფხულზე უნდა მიიღოს, თუმცა გერმანიის პოზიციამ მოცემულობა შეცვალა. ოფიციალური ბერლინის პროგნოზია, რომ წარმოების ნაკლებობის გამო ვალდებულება დიდი ალბათობით ვერ შესრულდება. ამ პოზიციას იზიარებენ ევროკავშირის ცალკეული ლიდერებიც. ცალკე გამოწვევაა უკრაინის მიმართ უნგრეთის მიდგომაც. ოფიციალური ბუდაპეშტი საკუთარ პირობებს აყენებს და კიევისთვის სამხედრო დახმარების დაბლოკით იმუქრება. ფაქტია, რომ უკრაინისთვის მარტში მისაწოდებელი საბრძოლო მასალების გარშემო ბრიუსელში აზრთა სხვადასხვაობაა. ეს უთანხმოება ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა.