უკრაინა საქართველოსგან „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემას ან შესყიდვას ითხოვდა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა გაიგზავნა და უკრაინის მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ანდრეი კასიანოვისთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი საქართველომ უკრაინას ჰუმანიტარული მიზნით გადასცეს ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები და საქართველოს მიერ წარმოებული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება „დიდგორი“.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხზე კასიანოვის მორიგ განცხადებებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი უკრაინასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ომში მყოფი ქვეყნის თხოვნა მმართველი გუნდის მხრიდან ომში ჩართვის მცდელობად არ უნდა ფასდებოდეს. ოპოზიციის მეორე ნაწილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ სენსიტიურ საკითხებზე გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. „ქართულ ოცნებაში“ კი სამხედრო დახმარების საკითხზე კასიანოვის მორიგი გზავნილი კვლავ პროვოკაციად და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობად ფასდება.