„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა არ დაუკლია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს.
ანდრეი კასიანოვმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს „შოიგუს დაკრულზე და უკრაინელი და ქართველი ხალხის სისხლზე მოცეკვავე“ უწოდა. უმწვავესი შეფასება ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის საომარი მოქმედებების გარკვეულ ეტაპებზე რუსეთის უპირატესობაზე საუბრობდა. უკრაინელი დიპლომატის კრიტიკის სამიზნეები გახდნენ უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც. ეს ხელისუფლების მისამართით უკმაყოფილების გამოხატვის პირველი ფაქტი არ არის. უკრაინის შეიარაღების მიწოდებაზე უარი, რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენა, საგარეო კურსი, სანქციები – ეს ის საკითხებია, რის გამოც კასიანოვმა ხელისუფლება რამდენჯერმე გააკრიტიკა, მოგვიანებით კი საგარეო უწყებაში განმარტებების გაკეთება დასჭირდა.