ანდრეი კასიანოვის განცხადება - გამოხმაურებები

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულის ბოლო განცხადებებს, რის გამოც, მას ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია, პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა, განმარტავენ, რომ საჭიროა უშუალო კომუნიკაცია, როგორც ხელისუფლების დონეზე, ასევე ელჩებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. „ქართულ ოცნება“ ანდრეი კასიანოვის განცხადებას დიდ იმედგაცრუებას უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდგარი შეხვედრა კასიანოვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სხვა თვალით დაანახებს. კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გამო საქართველოდან უკრაინელი მოქალაქეების ევაკუაცია არ გამორიცხა. იგივე გამოსვლა ნეგატიურ კონტექსტს შეიცავდა ქვეყნის საგარეო პოზიციონირების კუთხითაც. კასიანოვმა სამინისტროში შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა, ინფორმაცია გაავრცელა საგარეო უწყებამ, რომლის მიხედვითაც, უკრაინელ დიპლომატს შეხვედრაზე ქართული მხარის ოფიციალური პოზიციის მოსმენა მოუწია.