საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე რთული ვითარება კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულია ზვავსაშიში რეჟიმი, რის გამოც, ამ ეტაპზე შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, ასევე, მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოებიც ვერ ტარდება.
მას შემდეგ, რაც მოიხსნება ზვავსაშიში რეჟიმი, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს უმოკლეს პერიოდში განახორციელებს. გასვიანის თქმით, ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა ჯვარი-მესტიის რამდენიმე მონაკვეთზე და ცაგერი-ალბანის მიმართულებით, თუმცა აქ ვითარება საგანგაშო არ არის. რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, გადაადგილების პრობლემა მძღოლებს არ აქვთ.
ძლიერი ქარია მოსალოდნელი დღის მეორე ნახევრიდან თბილისში. არამდგრად ამინდს სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პროგნოზირებენ. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ნალექი, მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით. ფოთისა და ყულევის სანაპიროზე კი 6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. თბილისის მერია მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, ძლიერი ქარის შემთხვევაში, მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციების და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას.