ცვლილებები ჯანდაცვის სისტემაში - საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს, შესაძლოა, ოპერაციის ფასებზე მოქმედი რეგულაციები შეეცვალოს
საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს სახელმწიფომ, შესაძლოა, ოპერაციის ფასებზე დღეს მოქმედი რეგულაციები შეუცვალოს. 2013 წლიდან სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ფასები, თუმცა, პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საკითხზე, რომ სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწოს.
დავით სერგეენკოს განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ფასების რეგულაციასა და განახლებაზე მუდმივად მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით რა ცვლილებებზეა საუბარი, მინისტრი არ აკონკრეტებს. სერგეენკო აცხადებს, რომ რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.
საუბარია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაზე, აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ პროგრამაში ჩართულ კლინიკებს სპეციალური ზღვარი დაუწესდებოდათ, თუმცა დღეს დეპუტატმა ეს განცხადება ,,მოამბესთან’’ საუბარში უარყო და განმარტა, რომ საუბარი მხოლოდ არსებული პროგრამის დახვეწაზეა.