დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

დავით სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. ამის შესახებ დადგენილებას კენჭისყრისას საკანონმდებლო ორგანოში მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა, ორმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დავით სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარეს 2023 წლის 27 ოქტომბერს მიმართა.

მისი წერილობითი განცხადების ნამდვილობაზე დღეს დილით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა და დადებითი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, რის შემდეგაც საკითხი დღის წესრიგში შეიტანეს და პლენარულ სესიაზე განხილვის შემდეგ კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.