საპროცედურო კომიტეტის სხდომა

დავით სერგეენკოსთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, დავით სერგეენკოს არასაპატიო მიზეზებით აქვს გაცდენილი პარლამენტში სხდომები, რის გამოც, რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დღის წესრიგში დადგა. მისივე თქმით, 2023 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 32 სხდომა ჩატარდა, აქედან 25 სერგეენკომ გააცდინა, რის შემდეგაც საკითხის შესწავლა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაიწყო, გაცდენის მიზეზები გამოიკვლია და არასაპატიოდ ჩათვალა.

კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დასკვნის სახით პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება და საკითხი მორიგი საშემოდგომო სხდომის დღის წესრიგში შევა.