ტელევიზიების დავალიანება და შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

უშედეგოდ და მწვავე განცხადებებით დასრულდა კერძო ტელე-კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან.

ტელევიზიების მთავარი მოთხოვნა მათ საბანკო ანგარიშებზე დადებული ინკასოს მოხსნა და დავალიანების გადავადებაა. „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ წარმომადგენლებმა მინისტრს ასევე ჰკითხეს, რატომ გამოიყენა უწყებამ ოქტომბრიდან დაგროვილი სამთვიანი დავალიანების გამო ასეთი მკაცრი მიდგომა, მაშინ როცა სხვა კერძო ტელევიზიებთან წლების განმავლობაში მათ მიერ დაგროვილი სოლიდური დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა ამ მოლაპარაკების პირობების გასაჯაროებაც მოითხოვეს.

ორივე არხის წარმომადგენლები ტელევიზიების საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებას პოლიტიკური მოტივით ხსნიან და მედია-საშუალებების მიმართ შერჩევით მიდგომაზე აკეთებენ აქცენტს.