ვარკეთილის მეტროსადგურში მომხდარი შემთხვევის გამო, მერიის რამდენიმე თანამშრომელს, შესაძლოა, სამსახურის დატოვება მოუხდეს. გვარები და სახელები ჯერ არ კონკრეტდება. არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილეც აღმოჩნდეს.
გამოძიების დასრულებამდე ისევ უპასუხოდ რჩება, რატომ არ შემოწმდა ჩატარებული სამუშაოების ხარისხი ახლადრეაბილიტირებულ სადგურში, რომლის ჭერი რესტავრაციიდან ხუთი თვის შემდეგ ჩამოინგრა.
პასუხისმგებელი პირების გათავისუფლების გარდა, დედაქალაქის მთავრობა სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების წესებსაც ამკაცრებს.
მერიაში გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს საკრებულოში არაერთგვაროვანი რეაქციებით შეხვდნენ.