როდის მოხდება ოკუპირებული ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება – ტრაგედიიდან მეცამეტე დღეს შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი კვლავ არ არსებობს.
საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს მოქალაქე შესაძლოა დღეს ან ხვალ გადმოასვენონ, თუმცა ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს დეფაქტო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის პოზიცია.
ტატუნაშვილის საქმე განხილვის მთავარი თემა იყო ცხინვალში ჟენევის თანათავმჯდომარეების მიერ დღეს გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ დიპლომატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ოკუპირებული რეგიონის მედია ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს. ანატოლი ბიბილოვი მიიჩნევს, რომ ტატუნაშვილის საქმე ძალიან პოლიტიზებულია, ექსპერტიზის დასრულების გარეშე კი ცხედრის გადმოცემაში ის რისკებს ხედავს. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტი.