სამდღიანი ლოდინის შემდეგ რუსეთის საპატრიარქოდან პასუხი მიღებულია.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პატრიარქი კირილი ილია მეორეს წერილს უგზავნის და წერს, რომ ცხინვალში გარდაცვლილ მამაკაცს კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემების მიღებისთანავე გადმოასვენებენ.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ცხედრის გადმოცემა შესაძლოა დღეს ან ხვალ მოხდეს.
საოკუპაციო რეჟიმის მიმართ მწვავე გზავნილების და საერთაშორისო ზეწოლის პარალელურად პარლამენტში კონსულტაციები დაიწყო. უმრავლესობა და უმცირესობა ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთიანი რეზოლუციის მისაღებად პოზიციების შეჯერებას ცდილობს. თუ შეთანხმება მოხერხდება, რეზოლუციის ტექსტში ჩაიწერება, რომ გახმაურებული საქმის საერთაშორისო გამოძიების დაწყებასთან ერთად, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაც უნდა შედგეს.