თანავარსკვლავედი ვარსკვლავების ჯგუფია, რომელიც ცაში კონკრეტული ფორმით ჩანს და ამის გამო, სახელიც აქვს შერქმეული. ეს ვარსკვლავები დედამიწიდან ძალიან შორსაა. ისინი ერთმანეთთან საერთოდ არ არიან დაკავშირებული. თანავარსკვლავედის შემადგენელი ზოგიერთი ვარსკვლავი ერთმანეთთან შეიძლება ახლოს იყოს, ზოგიც ძალიან შორს. მაგრამ თუკი ამ ვარსკვლავებს შორის ცაზე ხაზებს გაავლებთ და დიდ წარმოსახვასაც ჩართავთ, მიიღებთ რაიმე ობიექტის, ცხოველის ან ადამიანის გამოსახულებას.
დროთა განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები თანავარსკვლავედებს სხვადასხვა სახელებს არქმევდნენ, იმის მიხედვით, რასაც ფიქრობდნენ, რომ ხედავდნენ. დღეისათვის, ოფიციალურად აღიარებულია 88 თანავარსკვლავედი.
წელიწადის სეზონებზეა დამოკიდებული, რომელ თანავარსკვლავედებს ხედავთ ღამით. დედამიწა მზის გარშემო ერთ შემოვლას ერთ წელიწადს ანდომებს. ღამის ცაში კოსმოსის ხედი ჩვენიდან სწორედ დედამიწის მოძრაობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, ღამის ცა ყოველ ღამით ოდნავ სხვადასხვაგვარად გამოიყურება, რადგან დედამიწა თავის ორბიტაზე უკვე სხვა ადგილასაა.
გარდა ამისა, დედამიწაზე თქვენი ადგილმდებარეობაც განსაზღვრავს იმას, თუ რომელ თანავარსკვლავედებს ხედავთ და როგორ ამოდიან ისინი ცაში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებიდან ცის ხედი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება და ჩანს სხვადასხვა თანავარსკვლავედებიც. ზოგიერთი თანავარსკვლავედი მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ჩანს, ზოგიც მხოლოდ სამხრეთიდან.
თანავარსკვლავედების ფორმები ათასწლეულთა განმავლობაში არ იცვლება. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენს გალაქტიკაში ყველა ვარსკვლავი მისი ცენტრის, სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს, ათობით ათასი წლის განმავლობაში, თანავარსკვლავედების ფორმებიც თანდათან იცვლება.