დიდი დანაკლისი ქართული საზოგადოებისთვის.
72 წლის ასაკში ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი, ლიტერატორი და ჟურნალისტი, თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა. ის კორონავირუსმა იმსხვერპლა. არაერთი ჯილდოსა და წოდების ავტორმა მთელი ცხოვრება ქართულ ლიტერატურას და პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას მიუძღვნა. საქართველოს პირველ არხზე 43 წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიისა და რადიოს სხვადასხვა რედაქციასა და შემოქმედებით გაერთიანებაში, იყო არაერთი შემეცნებითი გადაცემის და ცნობილი დოკუმენტური ფილმის ავტორი. ცხოვრების ბოლო წლებში იყო პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი, ასევე რადიოში ქართულ კლასიკურ მწერლობაზე გადაცემებს ამზადებდა და პარალელურად ქართული ლიტერატურის შესახებ სხვადასხვა კრებულსა და ნარკვევზე მუშაობდა. ორი წლის წინ, 70 წლის იუბილეზე, ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის პრეზიდენტმა ღირსებით მედლით დააჯილდოვა. ლიტერატურაზე ამბობდა, რომ ეს იყო მისი სამყარო, ჰაერი, აღტაცება და სინანული.
„დრო მიდის და თან მიაქვს მთელი სამყარო… ერთ მშვენიერ დღეს კი დრო ისევ წარმოქმნის რაღაც მსგავსს, შეიძლება უკეთესს და ამით აბრუნებს უკან“, – ეს ნაწყვეტია თამაზ ტყემალაძის ბოლო ინტერვიუდან.