სვანეთის მცხოვრებლები სოფელ იელში ოქროს მოპოვებას აპროტესტებენ

სვანეთის მოსახლეობა სოფელ იელში ოქროს მოპოვებას აპროტესტებს. მათმა ნაწილმა შეხვედრა დღეს თბილისში კულტურის ცენტრში „მუზა“ გამართა.

შეკრებილთა თქმით, ოქროს საწარმოო წესით მოპოვება რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაუქმდეს 2006 წელს გაცემული ლიცენზია და „ოპტიკალ სისტემს“ არ მიეცეს სამუშაოების განახლების შესაძლებლობა.

კომპანიამ მუშაობა სამი თვის წინ მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყვიტა. შეკრებილები აცხადებენ, რომ სამუშაოების განახლების შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილობრივებსა და დასაქმებულებს შორის დაპირისპირება მოხდეს.

სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლები პეტიციის მომზადებასაც გეგმავენ, რომლის ადრესატიც ქვეყნის მთავრობაა.