ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპული 12 წლის იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიდევ ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სროლისთვის დაკავებული ეჭვმიტანილი ასევე 12 წლის არის. ფინური მედია წერს, რომ ტრაგიკული ინციდენტი ქალაქ ვანტაას სკოლის საკლასო ოთახში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სკოლიდან გაიქცა, თუმცა მალევე დააკავეს. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პოლიციამ ჩამოართვა. სკოლაში 7-დან 16 წლამდე ასაკის 800 მოსწავლე სწავლობს. პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ფინეთის პრემიერმა ინციდენტს ღრმად შემაშფოთებელი უწოდა.