უმეტესი კოსმოსური ობიექტის შემთხვევაში, ჩვენსა და მათ შორის მანძილს სინათლის წელიწადით აღვნიშნავთ. სინათლის წელიწადი არის მანძილი, რომელსაც სინათლე ერთ წელში გაივლის. ერთი სინათლის წელი დაახლოებით 9 ტრილიონი კილომეტრია.
როდესაც მძლავრი ტელესკოპებით შორეულ ობიექტებს ვაკვირდებით, სინამდვილეში, ამ დროს წარსულში ვიხედებით.
სინათლე წამში 300 000 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ნამდვილად ძალიან ჩქარია, მაგრამ კოსმოსში ობიექტები ერთმანეთისგან იმხელა მანძილებით არის დაშორებული, რომ მათ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად ძალიან დიდი დრო სჭირდება. რაც უფრო შორსაა ობიექტი, მით უფრო წარსულში ვხედავთ მას.
მზე ჩვენთან უახლოესი ვარსკვლავია. ის დედამიწისგან დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. შესაბამისად, მზის სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად დაახლოებით 8,3 წუთი სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზეს ყოველთვის ისეთს ვხედავთ, როგორიც ის 8,3 წუთის წინ იყო.
შემდეგ უახლოეს ვარსკვლავთან დაახლოებით 4,3 სინათლის წელიწადი გვაშორებს. ანუ, როცა ჩვენ ამ ვარსკვლავს ვუყურებთ, სინამდვილეში მას ისეთს ვხედავთ, როგორიც 4,3 წლის წინ იყო. ჩვენს ღამის ცაზე ყველა დანარჩენი ვარსკვლავი ჩვენგან გაცილებით შორს არის, ზოგიერთი მათგანი ასობით და ათასობით სინათლის წლის მანძილზე.
ირმის ნახტომის ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი გალაქტიკა ანდრომედა, ჩვენგან ორ-ნახევარი მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. შესაბამისად, ანდრომედას დღეს ისეთს ვხედავთ, როგორიც ის ორ-ნახევარი მილიონი წლის წინ იყო. სამყაროში მილიარდობით გალაქტიკაა; ყველა მათგანი ჩვენგან ანდრომედაზე გაცილებით შორსაა.
2016 წელს აღმოჩენილი ერთ-ერთი გალაქტიკა ჩვენგან 13,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ანუ ტელესკოპები მას ახლა ისეთს ხედავენ, როგორიც ის 13,4 მილიარდი წლის წინ, ანუ დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 400 მილიონი წლის შემდეგ იყო.