შრომის ინსპექცია „რეტროში“

ბათუმში, რესტორან „რეტროში“ მომხდარ ფაქტს შრომის ინსპექციის თანამშრომლები სწავლობენ. მათ მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის ცემის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებამ გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო, სადაც ჩანს, რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და რესტორნიდან აგდებს. თანამშრომლის ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

მომხდარის გამო, აღნიშნული ობიექტის ხელმძღვანელი დაკავებულია. რესტორან „რეტროს“ მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი გახდა იმ თანხის განაწილება, რომელსაც მომხმარებლები ოფიციანტებს უტოვებენ. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლები რესტორანში რამდენიმე წელია მუშაობენ და მათი მხრიდან არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა.