ექთნებისთვის ხელფასების ზრდის დაანონსების ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ცალკეულ კლინიკებში გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ ფაქტებზე საუბრობს.
პირველ არხთან ინტერვიუში ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ თანხის დაზოგვის მიზნით რამდენიმე საავადმყოფოში ექთნები კიდევ უფრო დაბალ პოზიციებზე გადაჰყავთ. კონკრეტული კლინიკები ჯერ არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მსგავსი შემთხვევები რეგიონებში დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, პრეტენზიებით შრომის ინსპექციას თავად ექთნებმა მიმართეს. წლების განმავლობაში ექთნების საშუალო ხელფასი 300 ლარი იყო. 2023 წლიდან კი ანაზღაურება საათობრივად განისაზღვრა და მინიმუმ 500 ლარი შეადგინა.