შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

უამინდობის გამო, შიდასახელმწიფოებივი მნიშვნელობის გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზეც.

მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზეც. კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც მსგავსი ტიპის ავტომობილებისთვის მოძრაობა არ არის დაშვებული, ხაშური-აწყურის მონაკვეთია. არამდგრად ამინდს სინოპტიკოსები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. დღეიდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინული. ამასთან, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 15 იანვრიდან კი სინოპტიკოსები უნალექო ამინდს და ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.