შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხონში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა. პოლიციის მიერ შეჩერებულმა, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს. შსს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებისას დაზიანებები მიიღეს როგორც ბრალდებულმა, ასევე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა სცემა. საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.