შემსუბუქებული რეგულაციები

განახლდა ავტომობილების მოძრაობაც. ათდღიანი აკრძალვის შემდეგ, დღეიდან მსუბუქი მანქანებით გადაადგილება ისევ ნებადართულია. შეზღუდვის მოხსნის პირველივე დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მანქანების სიმრავლე შეინიშნებოდა. რამდენიმე ადგილზე დღის სხვადასხვა მონაკვეთში დაფიქსირდა საცობებიც. განსაკუთრებით დიდი ქალაქების შესასვლელებში, რადგან ორი დღით გამონაკლისი დაუშვეს და ჩაკეტილ ოთხ დიდ ქალაქში დღეს და ხვალ შესვლა-გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით შესაძლებელია. თუმცა დაანონსდა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, ნებისმიერი მოხსნილი შეზღუდვა, შესაძლოა თავიდან ამოქმედდეს. თუ აკრძალვების ეტაპობრივი მოხსნის პარალელურად, სოციალური დისტანცირება მკაცრად არ იქნება დაცული, გადაიხედება ექვსეტაპიანი სქემით გათვალისწინებული ვადებიც.