შემოსავლების სამსახურის გამოხმაურება

ევაკუატორების მძღოლებს, რომლებმაც ფოთში აქცია გამართეს და ახალი რეგულაციები გააპროტესტეს, შემოსავლების სამსახური პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით, ხოლო რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს – საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს/მინდობილ პირს. ამასთან, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მათ სოლიდარულად დაეკისრებათ. ამ განცხადების გავრცელებამდე მძღოლებმა განმარტეს, რომ მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ალოგიკური მოთხოვნაა.