აქცია ფოთში

ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ღამით ერთ-ერთ გადამზიდავ ტერმინალთან შეიკრიბნენ და ახალი რეგულაცია გააპროტესტეს. მათი თქმით, შემოსავლების სამსახური მათ იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ალოგიკური მოთხოვნაა. შიდა გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლების თქმით, მათი ანგარიშები დააყადაღეს და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, რაც მათთვის დამატებით პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან ეს საქმიანობა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. აქციის მონაწილეების თქმით, პასუხისმგებელი უწყების მხრიდან მათ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებიათ.