შემოსავლების სამსახურის განცხადება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სანქციების აღსრულების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. შემოსავლების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიაში გასული სიუჟეტი, სადაც მტკიცებით ფორმაში ითქვა, თითქოს ხელთ აქვთ ე.წ. „უტყუარი მტკიცებულებები თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით“ და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, – სრული სიცრუეა. განცხადებაში ვკითხულობთ: „ხაზგასმით აღვნიშნავთ, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ავტორების მიერ არის არასრულად გავრცელებული და მოკლებულია ობიექტურ განმარტებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.“ – ნათქვამია განცხადებაში.