როგორ სრულდება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები,- საკითხზე ინფორმაციას საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურ რეჟიმში აწვდის. დახურული შეხვედრები პარტია „მოქალაქეებთან“, „გირჩთან“ და „ლელოსთან“ უკვე გაიმართა. ამ წუთებში კი შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პუნქტის შესრულების პროცესს ოპოზიცია არაერთგვაროვნად აფასებს. ოპოზიციის ნაწილის აზრით, ამ ეტაპზე ევროკავშირის არც ერთი მოთხოვნა შესრულებული არ არის. მეორე ნაწილის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საარჩევნო რეფორმის, სტრასბურგის გადაწყვეტილებების პრაქტიკის დანერგვისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით. ამ დრომდე შეუსრულებელ პუნქტებად სახელდება სასამართლო რეფორმა და პირველი რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას უკავშირდება.