უცხოური გავლენების გამჭვირვალობა და საერთაშორისო პოზიციები

კანონის არსებული ფორმით ამოქმედებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო პარტნიორები.

კრიტიკული განცხადებები არ წყდება. ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობის და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის მოტივით დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური ვაშინგტონის და ცალკეული პარტნიორების გზავნილი კანონის ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანაა, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან უცხოელი პარტნიორებიც. კრიტიკა უსაფუძვლოა მმართველი გუნდისთვის, რომელიც კონკრეტული შენიშვნების წარმოდგენას ითხოვს და ამ შენიშვნების გარშემო ღია დისკუსიის შეთავაზებას ძალაში ტოვებს. უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსებით საქართველოში რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა მთავარი არგუმენტია, რითაც ხელისუფლება შარშან უკან გაწვეული კანონის ხელახლა ინიცირებას და მიღებას ასაბუთებს.