ოპოზიცია საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ

საბოტაჟი თუ კომუნიკაციის ნაკლებობა – ბრიუსელში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა პროექტმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. ქართულ დელეგაციაში მყოფმა ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შესაბამის ტექსტს ხელი არ მოაწერა. ხელმოწერაზე უარი თქვეს უკრაინელმა დეპუტატებმაც. მხოლოდ ქართველი და მოლდოველი კანონმდებლების მხარდაჭერა კი საკმარისი არ აღმოჩნდა. მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივისადმი, მოწოდება ევროკავშირისადმი, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას სიტყვა ოკუპაცია გამოიყენონ, რუსეთის აგრესიის დაგმობა უკრაინაში, ომში მყოფი ქვეყნიდან რუსი სამხედროების გაყვანის მოთხოვნა და მოსკოვისთვის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების შეხსენება – ეს რეზოლუციის პროექტის მთავარი პუნქტებია.

რა მოხდა ბრიუსელში და რატომ ჩავარდა რეზოლუციის ინიცირების მცდელობა – მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტებების რეჟიმში არიან.