„შავი ზღვის უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიენიჭა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ექვსწლიანი ავტორიზაცია მიანიჭა. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგა, მისაღები სტუდენტების რაოდენობა კი 3500-მდე განისაზღვრა.

უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს განცხადებით, საბჭომ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, თუმცა „შავი ზღვის უნივერსიტეტი“ განათლების ხარისხის ცენტრთან სტუდენტთა მობილობის უფლების მისაღებად თანამშრომლობას ისევ  განაგრძობს. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ პირველკურსელთა მიღების უფლება ფინანსური პრობლემების გამო ერთი წლის ვადით შეუზღუდა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. 15 ოქტომბერს სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ის საბჭოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.