ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის განხილვა

ავტორიზაციის საბჭო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ხელახლა განიხილავს. საბჭო ამ საკითხს მას შემდეგ მიუბრუნდა, რაც მისი ადრინდელი გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭომ არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება გასული წლის სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ექვსწლიანი ავტორიზაცია მიიღო, თუმცა ამავდროულად ავტორიზაციის საბჭომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს შუამდგომლობით მიმართა, უნივერსიტეტის მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასების მიზნით, ერთი წლის თავზე გეგმური მონიტორინგი ჩაატაროს. პასუხად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისგან, მათ ყველა სტანდარტის მიხედვით, უმაღლესი შეფასებები ჰქონდათ მიღებული, რომლებიც ავტორიზაციის საბჭომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეცვალა და უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭა. სწორედ ამ პირობის გამო გაასაჩივრა უნივერსიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება. ავტორიზაციის საბჭოს სხდომა განათლების ხარისხის შენობის წინ, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილმა პირველი არხისთვის კომენტარის მიცემა არ ისურვა. ნაწილმა კი ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ავტორიზაციის საბჭოს გასული წლის გადაწყვეტილება, ილიაუნის მიმართ სადამსჯელო ზომა და შერჩევითი დამოკიდებულებაა, რადგან უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ ემხრობა.