თანამშრომლობის მემორანდუმი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისში ახალი ინოვაციური სივრცე – UniverCity შეიქმნება. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა მოაწერეს. ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ, ქვეყნის საგანმანათლებლო რეფორმასთან. UniverCity-ის სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდება. უნიკალური პროექტი ოთხ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM სისტემების განვითარებასთან ერთად, აქ აქტიურად წარიმართება კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ღონისძიებები. გარემო ასევე დაეთმობა ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ სერვისებს, დასასვენებელ კომფორტულ ზონებსა და სივრცეებს საქმიანი შეხვედრებისთვის. გარდა ამისა, ჰაბში წარმოდგენილი იქნება KIU-ს ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები.