შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარშემო დავა გრძელდება. დავალიანების სახით არსებული 712 000 ლარი, რომელიც ერთი წლით სტუდენტების მიღების აკრძალვის მიზეზად დასახელდა, უმაღლესი სასწავლებლის მენეჯმენტისგან უკვე დაფარულია. ახლა სააპელაციო საბჭოზეა დამოკიდებული, გადაიხედება თუ არა ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრება სასამართლოს გზითაც შეიძლება. სანამ უნივერსიტეტი ბრძოლის გზას აირჩევს, მანამდე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ავტორიზაციის საბჭოს რეზონანსულ გადაწყვეტილებას დღეს კიდევ ერთხელ განმარტავს. ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ მენეჯმენტს სასწავლებელში არსებული ფინანსური პრობლემების დამალვა სურდა.