სტუდენტების აქცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან აქცია-პერფომანსი გამართეს. სტუდენტებმა ადგილზე 17 ბუშტი და მავთულხლართისგან გაკეთებული რგოლები მიიტანეს, რომელიც მათი თქმით საბჭოს მიერ გაკეთებულ შეზღუდულ შეთავაზებას  განასახიერებს. ახალგაზრდები მოითხოვენ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება და იბსუს დაუბრუნოს პირველ კურსელების მიღების უფლება.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით შეეზღუდა. ავტორიზაციის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ფინანსური პრობლემებით ახსნა, პირველ კურსელებს კი სწავლისთვის  ალტერნატიული 17 უნივერსიტეტი შესთავაზა. სტუდენტების მოთხოვნებს ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი პასუხობს. თამარ სანიკიძის თქმით, თუ სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილების უკანონობას დაადგენს, ავტორიზაციის საბჭო მზად არის გადახედოს გადაწყვეტილებას.