საწვავის ხუთ მსხვილ რეალიზატორ კომპანიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწყებული მოკვლევა გრძელდება. სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამ კომპანიებს ბაზრისთვის საწვავის მიწოდება შეეძლოთ შედარებით დაბალ ფასად, თუმცა, გაიაფება საცალო ბაზარზე არ ასახულა. მისი თქმით, საქმე ეხება 2022 წლის ბოლო 7 თვეში დაფიქსირებულ შედეგებს, კერძოდ, რუსეთიდან საწვავის იმპორტის რეალიზაციას. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოკვლევის მიზანი ამ კომპანიების კეთილსინდისიერების დადგენაა. პროცესი 6 თვის ვადაში დასრულდება.