საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა.

სახელმწიფო დროშა აღმართეს სენაკში, მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს.

ქუთაისში, პრეზიდენტთან ერთად, ცერემონიას სამედიცინო ცენტრის ექიმები დაესწრნენ.

დროშები საზეიმოდ აღიმართა მცხეთაში. ასევე, უჯარმის ციხეზე.

დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო  დროშის ეტალონი ეროვნული გმირების შვილებთან ერთად აღმართა.

სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა გორში, სამხედრო აკადემიის ეზოში შეკრებილებს. მარგველაშვილმა სოხუმში დაღუპულ გურამ გაბესკირიასა და 2008 წელს მოკლულ გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე ისაუბრა.

თარიღის აღსანიშნად საზეიმო მიღება გაიმართა პარლამენტში. ღონისძიება საგანგებოდ მოწყობილი ექსპოზიციით გააფორმეს, სადაც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის ღერბი და დროშა, ასევე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები იყო წარმოდგენილი.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და ღონისძიების მასპინძელმა. ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რათა საქართველოს დროშა ევროკავშირში და ნატოშიც აღიმართოს.