ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

„ფარას“ დოკუმენტების გარდა გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი გარემოების გამო მოექცა.

ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა ხაბეიშვილ-ვაშაძის ერთობას შეუერთდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ექს-პრეზიდენტთან კომუნიკაციას არ უარყოფენ. პარტია, რომელიც პრეზიდენტობის პერიოდში მარგველაშვილს მწვავედ აკრიტიკებდა, ახლა მის განსაკუთრებულ ინტელექტუალურ რესურსზე აკეთებს აქცენტს და ბოლოდროინდელ განცხადებებს უწონებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ყოფილი მმართველი პარტია ახლა ექს-პრეზიდენტისგან ელოდება, პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი ერთობა საკუთარ რიგებში სხვა პარტიებსაც ეპატიჟება, თუმცა ალიანსში გაერთიანების მსურველები ამ ეტაპზე არ ჩანან. იმ ფონზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დიდი ალბათობით 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, ოპოზიციის ნაწილი ცალკე ალიანსების შექმნას აპირებს. მათი გეგმების მიხედვით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფებებია მოსალოდნელი.