სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა და მარგველაშვილის როლი

მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიაში გიორგი მარგველაშვილის გვარი ჩნდება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გასაჯაროებულ მასალებში ყოფილი პრეზიდენტი საერთაშორისო მედიისთვის განკუთვნილ იმ პრეს-რელიზშია ნახსენები, რომელიც ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ ერთ-ერთ პიარ მედია-კომპანიას გასავრცელებლად დაუკვეთა. საუბარია იმ კოალიაციაზე, რომელსაც ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მიზნით სწორედ მარგველაშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში. „ფარას“ დოკუმენტების მიხედვით, მსგავსი შინაარსის პრეს-რელიზის გავრცელებისთვის უცხოურმა მედია-კომპანიამ 12 000 დოლარამდე მიიღო, რაც სააკაშვილთან დაკავშირებული სხვა პრეს-რელიზების გამოქვეყნებაში გადარიცხულ თანხებთან შედარებით გაცილებით მეტია. მარგველაშვილი თემას ბინძურ პროპაგანდად აფასებს. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ლობისტური კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობისთვის გიორგი მარგველაშვილმა თანხა აიღო. ამერიკაში მოქმედი უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის ფარგლებში გასაჯაროებული დოკუმენტების გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა სულ უფრო მძაფრდება.