მაღალი ტემპერატურა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხელი ამინდი 4 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 40-43 გრადუსს მიაღწიოს, ხოლო დასავლეთის დაბლობსა და მთაში 30-35 გრადუსია ნავარაუდევი.
სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ურჩევენ, მიიღონ ბევრი სითხე, დღის უმეტესი ნაწილი კი შენობაში გაატარონ და შუადღის მზეს მაქსიმალურად მოერიდონ.
რეკომენდაციები განსაკუთრებით ბავშვებს, მოხუცებსა და გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე რისკჯგუფებს ეხება.
უკვე 4 ივლისის შემდეგ სინოპტიკოსები ტემპერატურის მცირედით შემცირებას და არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.